




ლეონარდ ეილერი ( 15 აპრილი, 1707, ბაზელი, შვეიცარია ― 18 სექტემბერი, 1783, პეტერბურგი, რუსეთი), შვეიცარიელი მათემატიკოსი, მექანიკოსი და ფიზიკოსი. განათლება მიიღო ბაზელის უნივერსიტეტში. 1727–1741 წლებში მუშაობდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიაში. დაწერა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი "არითმეტიკის სახელმძღვანელო" (1738–1740), წარმატებით მუშაობდა რუსეთის რუკების შედგენაზე, მონაწილეობდა სხვადასხვა ტექნიკურ ექსპერტიზაში. პეტერბურგში ცხოვრების პირველ პერიოდში დასაბეჭდად მოამზადა 80 და გამოაქვეყნა 50–ზე მეტი ნაშრომი მათემატიკასა და მექანიკაში.
1741 წელს მუშაობა დაიწყო ბერლინის მეცნიერებათა აკადემიაში მათემატიკის კლასის დირექტორისა და გამგეობის წევრის თანამდებობაზე. ეილერმა საფუძველი ჩაუყარა ტურბინების თეორიას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ოპტიკური ტექნიკის განვითარებაში, ისე მასალათა გამძლეობის მოძღვრებაში. სწავლობდა ქარის წისქვილების მოწყობილობას.
1766 წელს ეილერი ოჯახთან ერთად ხელმეორედ ჩავიდა პეტერბურგში.მიუხედავად ხანდაზმულობისა და უსინათლობისა, მისი შრომისუნარიანობა არ დაქვეითებულა. პეტერბურგში ცხოვრების მეორე პერიოდში მან დასაბეჭდად მოამზადა 400–მდე შრომა, მათ შორის რამდენიმე დიდტანიანი წიგნი. ის იყო პარიზის აკადემიების, აგრეთვე ლონდონის სამეფო საზოგადოებისა და სხვათა წევრი.დაწერა 850–მდე სამეცნიერო შრომა. საინტერესოა მისი მეცნიერული მიმოწერა. ეილერი მოღვაწეობდა მათემატიკისა და მექანიკის ყველა დარგში, მათემატიკურ ფიზიკაში, ოპტიკაში, მუსიკის თეორიაში, ბალისტიკაში, საზღვაო მეცნიერებაში, სადაზღვევო საქმეში და სხვა.
წყარო
ინტერნეტი
მოიწონეთ გვერდი
დამატებული კომენტარები
ამ პოსტს არა აქვს ჯერ კომენტარები